სჭირდება თუ არა სინამდვილეში ანტივირუსი სმარტფონს?

//სჭირდება თუ არა სინამდვილეში ანტივირუსი სმარტფონს?

დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ინახება ჩვენ პერსონალურ მოწყობილობებში ვიდრე ოდესმე. სმარტფონი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა – აქ ინახება ჩვენი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: ფოტო, ვიდეო, მიმოწერები მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან, საბანკო და საკრედიტო ინფორმაციაც კი. ხანდახან ჩვენ ასევე ვინახავთ ინფორმაციას ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, პირადობის, პასპორტის ან სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლებსაც კი.

რასაკვირველია, ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის სმარტფონით ტარების გამო უმნიშვნელოვანესი ხდება უსაფრთხოების საკითხი. ვჭოჭმანობთ, არის თუ არა ჩვენ სმარტფონზე არსებული ინფორმაცია შენახული უსაფრთხოდ? აქვთ თუ არა ჰაკერებს ამ ყველაფერთან წვდომა? მოგვპარავენ ინფორმაციას და გავხდებით მორიგი კიბერ-შეტევის მსხვერპლი თუ არა?

ვირუსები რასაკვირველია არსებობს და უბრალოდ ლეგენდა არაა. სამწუხაროდ, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში გვხვდებიან ბოროტმოქმედი ადამიანები, ასევეა კიბერსამყაროშიც, სადაც აღნიშნული ადამიანები კომპიუტერული მეცნიერებების მაღალი ცოდნით ქმნიან სხვადასხვა დამაზიანებელ პროგრამულ კოდებს, აპლიკაციებს ან მის მცირე ნაწილაკებს – ე.წ ვირუსებს, რომელთაც სისტემაში შეღწევა და ჩვენი პირადი ინფორმაციის რისკის ქვეშ დაყენება შეუძლიათ.

ალბათ კარგად იცით, რომ მობილურ სამყაროში ორი ოპერაციული სისტემა დომინირებს – Android და iOS. ჯამში ორივე მთგანი 3 მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს, აქედან კი უმრავლესობა – 2 მილიარდზე მეტი ადამიანი Google-ის ‘მწვანე რობოტის’ ოპერაციულ სისტემას იყენებს.

როდესაც ამ ორი ოპერაციული სისტემის “დავირუსებაზე” ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება არის ის, რომ Apple-ის სისტემა არის დახურული, რის ხარჯზეც ის თითქოს და უსაფრთხოა, ხოლო Android სისტემა თავიდანვე გახსნილი კოდური წყაროთი იქმნებოდა, რაც ლოგიკურად, ვირუსების შეღწევადობას უფრო ადვილს ხდის.

სინამდვილეში, ვირუსები ორივე ოპერაციულ სისტემაზე თანაბრადაა გავრცელებული, მსოფლიოში პირველი ვირუსი კი Apple-ის ეკოსისტმაზე გავრცელდა, კერძოდ კი ის 15 წლის პროგრამისტმა, Rich Skrenta-მ შექმნა Apple II-ისთვის (Apple-ის მეორე თაობის პერსონალური კომპუტერი). ვირუსი დისკეტის (Floppy disk) საშუალებით ვრცელდებოდა სხვა მოწყობილობებზეც. ამის შემდეგ Apple-ის სისტემა და უსაფრთხოების საკითხი რასაკვირველია დაიხვეწა, დისკეტისა და ოპტიკური დისკის წამკითხველის მოშორებითა და i-მოწყობილობებზე iCloud დაშიფრვის ხარჯზე უსაფრთხოება დღესდღეობით საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა. თუმცა რადგანაც არაფერია იდეალური, Apple-ის საოპერაციე სისტემებში ჯერ ისევ გვხვდება პატარა ტექნიკური შეცდომები, ე.წ “უსაფრთხოების ხვრელები”, საიდანაც არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეუძლია შეღწევა და ჩვენი ინფორმაციის მოპოვება, ვირუსს კი შეუძლია ტელეფონის გაჭედვა, რაც სისტემის ტოტალურ შეცდომასაც კი გამოიწვევს მარტივი ტექსტური შეტყობინების წყალობით. თუმცა ამის მიუხედავად აღსანიშნია, რომ Apple-ი iOS-ის ყოველ განახლებაში სულ უფრო აუმჯობესებს დაცულობას, “უსაფრთხოების ხვრელებს” კი სულ უფრო ავსებს, მაგრამ ხდება ხოლმე ისე, რომ ერთის შევსებით, ჩნდება მეორე. ეს ნორმალურია, შეცდომა ყველას მოსდის ბოლო-ბოლო.

Android-ის მხარეს ყველაფერი ცოტათი უფრო ადვილია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, სისტემა თავიდანვე იქმნებოდა გახსნილობის (Open Source) გათვალისწინებით და აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადააბიჯოს Google-ის აპლიკაციების ჩაწერის მხოლოდ Play Store-დან დაცვას (Settings > Security > Unknown Sources) და საერთოდ ნებისმიერი წყაროდან ჩაიწეროს ესა თუ ის აპლიკაცია .apk ფაილის მეშვეობით. ჩვენს რეგიონში კი ეს ძალიან აქტუალურია, რადგანაც Google-ის სერვისებში ჩვენი ვალუტა დამატებული ჯერჯერობით არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული Play Store გვაქვს, რეგიონალური დაბლოკვის გამო კი ვერც ვხედავთ ხარისხიან აპლიკაციებს, კონტენტს და არ შეგვიძლია მათი გადმოწერა/ყიდვა.

ზუსტად აქედან წამოვიდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ Android-ი ვირუსდება და აუცილებლად საჭიროებს ანტი-ვირუსს.

და მაინც, არის თუ არა Android-ზე ანტივირუსის დაყენება აუცილებელი?

მარტივად რომ ვთქვათ – არა, ანტივირუსი სულაც არ არის საჭირო. სინამდვილეში კი ის გაცილებით უფრო საზიანოა ვიდრე სასარგებლო. ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ არის ის საზიანო, ბოლო-ბოლო ეს ხომ ანტივირუსია და როგორც სახელი გვანიშნებს, ჩვენს მოწყობილობაზე შესული ვირუსებისგან უნდა დაიცვას სისტემა? თუმცა რეალობა სამწუხაროდ სულ სხვანაირია.

დღევანდელი ოპერაციული სისტემები, მათ შორის Android-ი, საკმარისად დაცულია ვირუსებისგან. რასაკვირველია აქ ნაგულისხმევია პატარა, “ყოველდღიური” ვირუსები და არა მასობრივი DDoS შემოტევები, რომელთაგან არცერთი მოწყობილობა თუ სისტემა არაა დაცული.

გარდა ამისა, ორივე, Android-სა და iOS-ზე რეგულარულად მოდის სისტემური განახლებები, რომლებიც ყველაზე აქტუალურ ვირუსულ შეტევებს ანეიტრალებენ. Android-ის მხარეს, Google უსაფრხოებას ძალიან სერიოზულად ეკიდება, რადგან ყოველ თვე უშვებს უსაფრთხოების განახლებებს. გარდა ამისა, 2012 წლიდან სისტემაში ჩაშენებულია App Scanning, რომელიც ფონურ რეჟიმში ასკანერებს აპლიკაციებს და სხვადასხვა დაბრკოლებებისგან იცავს. წელს, Google-მა ეს ფუნქცია უფრო თვალნათელი გახადა მომხმარებლისთვის, ახლა მას Google Play Protect ჰქვია და ყოველი აპლიკაციის გადმოწერისას, იქნება ეს გარე წყაროებიდან თუ Play Store-იდან, სისტემა მათ ასკანერებს, ხოლო თუ რაიმე საეჭვოს ნახავს, შეტყობინების სახით გვაგებინებს.

Play Protect-ის ფუნქცია Google-მა ახლახანს გახადა ხელმისაწვდომი ყველასთვის. ის Google Play Store-ის My Apps განყოფილებაშია, ხოლო Android 8.0 Oreo-ზე სისტემაშივე არის ჩაშენებული, ხოლო ახლახანს Google-მა კიდევ უფრო გაამკაცრა წესები და მოითხოვს, რომ ყველა სამომავლო Android სმარტფონს ჰქონდეს Play Protect-ის სერტიფიკატი და ყუთზე განთავსებული ლოგო, რომელიც ანიშნებს მომხმარებელს, რომ მისი სმარტფონის ყველანაირი უსაფრთხოების ზომა დაცულია, ამასთან ერთად კი Google-ის აპლიკაციები სერტიფიცირებულია.

ანტივირუსი თუ სარეკლამო აპლიკაცია?

როგორც უკვე აღვნიშნე, ანტივირუსებს სულ სხვა რეალობა ახლავთ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია – ისინი უფრო საზიანოც კი არის, ვიდრე სასარგებლო. ყველაფერი კი ზუსტად იმ მოსაზრებიდან დაიწყო, რომ Android-ი ღია ოპერაციული სისტემაა და თითქოსდა საჭიროებს დაცვას. ამით საკმაოდ ბევრმა კომპანიამ, მათ შორის ჩვენთვის უცნობმა თუ ნაცნობმა ისარგებლა და შექმნა ანტივირუსული აპლიკაციები, რომლებიც ჩვენ სისტემას “ასუფთავებენ” არასასურველი ნაგვისგან, გვითავისუფლებენ შიდა თუ ოპერატიულ მეხსიერებას. ამ ამოცანას ისინი შესაძლოა კარგად ასრულებენ და მეხსიერებას მართლაც ასუფთავებენ, თუმცა ასეთი ტიპის აპლიკაციების ერთადერთი შემოსავალი გახლავთ რეკლამები, ხშირად კი არაერთი შემთხვევა მომხდარა, როდესაც მომხმარებელი ასეთ “ანტივირუსულ” და “გამსუფთავებელი” ტიპის აპლიკაციას იწერს, შემდეგ კი მისი მოწყობილობა ივსება რეკლამებით, რომელიც თითქოს არსაიდან ჩნდება. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ასეთი აპლიკაციების შემდეგ მომხმარებლის მოწყობილობაზე პერმანენტულად რჩება ძალიან საშიში Adware ტიპის ვირუსი, რომელიც ე.წ. “ქარხნულად გადატვირთვის” შემდეგაც კი არ იშლება.

როგორ დავიცვათ ჩვენი მოწყობილობა “კიბერ ნაგვისგან”?

პერსონალური მოწყობილობის დაცვა საკმაოდ მარტივია და სინამდვილეში ბევრ ზრუნვას არ საჭიროებს. ამისთვის ანტივირუსი და მსგავსი აპლიკაციები არ გვჭირდება, მთავარია ყოველთვის განვაახლოთ ჩვენი ოპერაციული სისტემა, რათა მუდმივად ახალი ვერსია გვეყენოს, რომელიც უახლესი უსაფრთხოებით უზრუნველგვყოფს. სისტემის გარდა, უნდა განვაახლოთ აპლიკაციები და ჩავიწეროთ ისინი მხოლოდ და მხოლოდ სანდო წყაროებიდან, როგორიცაა Play Store, რადგანაც მასში აპლიკაციები დაცულია, Play Protect კი მათ შემდგომ დაცვას და სკანირებას გვთავაზობს.

2018-12-19T17:55:42+00:00December 19th, 2018|
Exclamation Triangle Check code