დროთა განმავლობაში ჩვენი კომპიუტერები ნელდება. ძირითადად ამის მიზეზი “დანაგვიანებული” სისტემა, გადატვირთული მყარი დისკი, ერთდროულად გაშვებული საჭირო თუ არასაჭირო პროგრამები და სხვა რამდენიმე ფაქტორია, რომლებიც კომპიუტერის გამართულად ფუნქციონირებას აფერხებენ.

ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს კომპიუტერს და გაუხანგრძლივოთ მას სიცოცხლე, სანამ ახალი კომპიუტერის ყიდვას გადაწყვეტთ.

აღნიშნული რჩევები ზოგადია და Windows ოპერაციული სისტემის 7, 8, 8.1 და 10 ვერსიებს ეხება.

1. შეამცირეთ პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც კომპიუტერის ჩართვისთანავე ავტომატურად ირთვება

უმრავლეს შემთხვევაში პროგრამების მწარმოებლები საკუთარ პროგრამებში ტოვებენ ბრძანებას, რომ კომპიუტერის ჩართვისთანავე დაიწყოს აღნიშნულმა პროგრამამ მუშაობა. ეს იწვევს იმას, რომ ჩვენგან დაუკითხავად კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად ირთვება ისეთი პროგრამები, რომლებსაც შეიძლება საერთოდაც არ ვიყენებდეთ. თითოეული მათგანი მოიხმარს გარკვეულ რესურსს, რაც საბოლოო ჯამში ანელებს კომპიუტერის მუშაობას.

საჭიროა მოვახდინოთ Startup სიიდან მათი გათიშვა და პროგრამა ჩავრთოთ ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა დაგვჭირდება.

რეკომენდებული ხელსაწყო – CCleaner

2. შეამოწმეთ კომპიუტერი ვირუსებზე

ვირუსების და სხვა დამაზიანებლების მთავარი ამოცანა თქვენი კომპიუტერის რესურსების გამოყენებაა, ამიტომ ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, კომპიუტერის სრული სკანირებაა. ნებისმიერი, თუნდაც უფასო ანტივირუსით დაასკანერეთ მთელი კომპიუტერი ვირუსებზე და მათი აღმოჩენის შემთხვევაში წაშალეთ ისინი.

რეკომენდებული ხელსაწყო – Malwarebytes

3. გაასუფთავეთ კომპიუტერი დროებითი და ნარჩენი ფაილებისგან

პროგრამებისა და ფაილების ჩაწერის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაწერის, ასევე მათი წაშლის დროს ხდება გარკვეული ნარჩენების დატოვება ფაილურ სისტემაში. ისინი არამარტო ამძიმებენ სისტემის და პროგრამების ფუნქციონირებას, არამედ დროთა განმავლობაში იკავებენ საკმაოდ დიდ ადგილს მყარ დისკზე.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია მოხდეს ამ უსარგებლო ფაილების წაშლა როგორც ოპერაციული სისტემიდან, ასევე პროგრამებიდან და ბრაუზერებიდან.

რეკომენდებული ხელსაწყო – CCleaner

4. გაასუფთავეთ არასაჭირო რეგისტრების ჩანაწერები

Windows Registry ეს არის ჩანაწერების ბაზა, რომელიც ინახავს ინფორმაციას თქვენს კომპიუტერში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქ არის ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის, კომპიუტერის ნაწილების, მომხმარებლების და მთლიანად ოპერაციული სისტემის პარამეტრების შესახებ. დროთა განმავლობაში ხდება ჩანაწერების დიდი რაოდენობით დაგროვება, რომელთაგან ბევრი უსარგებლოა და მათი დამახსოვრება და შემდგომი გადამუშავება კომპიუტერს დამატებით ჯაფად ადგება. ამიტომ მათგან გათავისუფლებაც აუცილებელია.

რეკომენდებული ხელსაწყო – CCleaner

5. მოახდინეთ მყარი დისკის დეფრაგმენტაცია

მყარ დისკზე ფაილების ჩაწერისა და წაშლის დროს ხდება მისი ფრაგმენტირება, თავისუფალი სივრცეების გაჩენა სექტორებს შორის, რაც შემდგომში სისტემის მიერ მასზე ინფორმაციის წაკითხვის დროს ზრდის. წარმოიდგინეთ, რომ ფაილური სისტემა არის გზა რომელსაც გაუჩნდა ორმოები და მასზე გავლისას ოპერაციულ სისტემას სჭირდება ნახტომების გაკეთება, იმის ნაცვლად რომ მასზე თავისუფლად გაიაროს.

ამისთვის საჭიროა დისკის დეფრაგმენტირება, რომელიც თავისუფალი სივრცეების კონსოლიდირებას ახდენს და მყარ დისკს ეფექტური ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

რეკომენდებული ხელსაწყო – Auslogics Disk Defrag

შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ მოახდინოთ SSD დისკის დეფრაგმენტაცია.

6. შეამოწმეთ პროცესორი ტემპერატურულ გადახურებაზე

ხშირად ჩვენი კომპიუტერები იმტვერება, რაც საკმარისი წინაპირობაა იმისთვის, რომ არ მოხდეს პროცესორის სათანადო ვინტილაცია და ტემპერატურამ დასაშვებზე მაღალ დონეს მიაღწიოს. ამ დროს პროცესორის მუშაობა იტვირთება და იწვევს მუშაობის შეფერხებას, ხოლო უარეს შემთხვევაში პროცესორის გადაწვას.

ამიტომ მნიშვნელოვანია შევამოწმოთ ხომ არ მუშაობს პროცესორი დასაშვებზე მაღალ ტემპერატურაზე და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურად გავწმინდოთ კომპიუტერი მტვრისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესორსა და მაგრილებელ ქულერს შორის არსებული სითხე, თერმოპასტა არ იყოს გამომშრალი და ჰქონდეს ფუნქციონირების უნარი.

რეკომენდებული ხელსაწყო – Speccy

7. წაშალეთ არასაჭირო პროგრამები

ხშირად ახალ შეძენილ კომპიუტერს, რომელსაც ქარხნულად მოყვება ოპერაციული სისტემა, მწარმოებელი აყოლებს ამა თუ იმ ე.წ. “მხარდამჭერ” პროგრამას, რომელიც რეალურად სრულებით არ გჭირდებათ. ასევე, შეიძლება თავის დროზე თქვენ თავად დააყენეთ რაიმე პროგრამა, მაგრამ დიდი ხანია არ იყენებთ და სავარადოდ ახლო მომავალში აღარც გამოიყენებთ. როგორც მინიმუმ ასეთი პროგრამები იკავებენ ადგილს თქვენს მყარ დისკზე და ასევე შესაძლებელია ფონურად (Background) ფუნქციონირებდნენ კიდეც ან კონტექსტურ მენიუში იყონ წარმოდგენილები.

მსგავსი არასაჭირო პროგრამებისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს კომპიუტერი. ასევე გვირჩევენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში გამოვიყენოთ პორტაბელური პროგრამები, რომელთაც ინსტალაცია არ სჭირდება.

რეკომენდებული ხელსაწყო – CCleaner

8. წაშალეთ ზედმეტი ჩანართები ბრაუზერებიდან

მართალია დამატებითი ჩანართები თქვენს ბრაუზერს დამატებით შესაძლებლობებს სძენს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისინი დამატებით რესურსს საჭიროებენ და შესაბამისად ბრაუზერის მუშაობის სისწრაფეს ამცირებენ. ამიტომ, თუ თქვენ არასაჭირო ან ნაკლებსაჭირო დამატებები გიყენიათ, გირჩევთ წაშალოთ.

9. მაქსიმალურად გამოათავისუფლეთ მყარი დისკი

რაც უფრო დატვირთულია მყარი დისკი ფაილებით, მით უფრო მეტ რესურსს საჭიროებს, მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ფაილებთან გვაქვს საქმე, იქნება ეს დოკუმენტები, ფოტოები, ვიდეოები თუ სხვა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს მას შემდეგ, რაც მყარი დისკის მოცულობის 80%-ზე მეტი გადაივსება. SSD დისკის შემთხვევაში სიჩქარის შენელება უკვე 50%-დან იგრძნობა.

ასეთ დროს აუცილებელია არასაჭირო ფაილები მყისიერად წავშალოთ, ხოლო ის ფაილები (ასეთია ძირითადად ძველი ფოტოები და ვიდეობი), რომელთაც ძალიან იშვიათად ვაკითხავთ, გადავიტანოთ ინფორმაციის სხვა მატარებლებზე – გადავწეროთ გარე ვინჩესტერზე, ავტვირთოთ ქლაუდში და ა.შ.

10. დააყენეთ ოფიციალური დრაივერები ან/და განაახლეთ ისინი

დრაივერები ეს არის პროგრამები, რომელიც ოპერაციულ სისტემას აძლევს საშუალებას აღიქვას და სრულად გამოიყენოს კომპიუტერის ფიზიკური კომპონენტები.

როგორც წესი, მწარმოებლის მიერ მოწოდებული დრაივერის ახალი ვერსიები წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებულია ხოლმე, გამოსწორებულია აღმოჩენილი ხარვეზები და მოცემული ფიზიკური ნაწილის უკეთ ფუნქციონირებას ემსახურება. ამიტომ, ბოლო ვერსიის ოფიციალური დრაივერების გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

11. გათიშეთ ვიზუალური ეფექტები

თუ თქვენი კომპიუტერი ვერ პასუხობს თანამედროვე ოპერაციული სისტემის მოთხოვნებს, მაშინ მისი მუშაობის ასწრაფება ვიზუალური ნაწილის დათმობის ხარჯზე მოგიწევთ.

ბოლო ვერსიის Windows-ებს საკმაოდ მრავლად აქვს ვიზუალური ეფექტები, რომლებსაც კომპიუტერის მნიშვნელოვანი რესურსი ხმარდება. დაახლოებით 20-მდე ვიზუალური ეფექტის გათიშვა არის შესაძლებელი: გამჭვირვალობა, გახსნა-დახურვის ანიმაციები, ჩრდილების ეფექტი და ა.შ., რომელიც შვებას მისცემს თქვენს სისტემას.

ბონუსი: სასარგებლო რჩევები

1. ნუ გამოიყენებთ ერთდროულად რამდენიმე პროგრამას

ხშირ შემთხვევაში კომპიუტერის მოხმარების უნარ-ჩვევებს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ჩვენი კომპიუტერის მუშაობის სისწრაფეზე. თუ ჩვენ ვართ მომხმარებელი, რომელსაც უყვარს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაში თუ ბრაუზერში (ან ბრაუზერის შიგნით ბევრ თაბებში) მუშაობა, მაშინ არ უნდა გვქონდეს დიდი მოლოდინები იმის, რომ ჩვენი კომპიუტერი უპასუხებს ამ მოთხოვნებს, მსგავს დატვირთვაზე მუშაობა თანამედროვე მონაცემების კომპიუტერებსაც კი უჭირთ.

ამიტომ, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ამ ფაქტს და ყოველთვის გავთიშოთ ის პროგრამები, რომელიც მოცემულ მომენტში არ გვჭირდება.

2. პერიოდულად გადატვირთეთ კომპიუტერი

სისტემის გადატვირთვის დროს ხდება მეხსირების მოდულის გამოთავისუფლება იმ პროცესებისგან, რომელიც გაშვებული გვქონდა მუშაობის მომენტში და მიუხედავად პროგრამების დახურვისა მაინც დარჩა სისტემაში.

ამიტომ, რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ სასურველია თუ კომპიუტერს გადავტვირთავთ. ეს ამოსუნთქვასავითაა კომპიუტერისთვის, რათა შემდგომ ახალი ძალებით შეუდგეს მუშაობას.

3. ნუ დატოვებთ დესკტოპზე ბევრ ფაილებს

თქვენ წარმოიდგინეთ, გადატვირთული დესკტოპი (სამუშაო მაგიდა) კომპიუტერის მუშაობის შენელებას იწვევს. როგორც წესი, Desktop განთავსებულია C დისკზე და იგიც ისეთივე ჩვეულებრივი საქაღალდეა, როგორც სხვა დანარჩენი. ოპერაციული სისტემა ყველაზე ხშირად სწორედ ამ საქაღალდეს აკითხავს და აქ რაც უფრო მეტი ფაილი და მალსახმობია (Shortcut) განთავსებული, მით მეტი რესურსი იხარჯება მის წაკითხვაზე.

ხშირ-ხშირად გაასუფთავეთ დესკტოპი და გადაიტანეთ მასზე მიმობნეული ფაილები შიდა საქაღალდეებში.

კომპიუტერის “აფგრეიდი

ალბათ მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ახალი კომპიუტერის შეძენამდე, არსებული კომპიუტერის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შესაძლებელია ოპერატიული მეხსირების გაზრდით და SSD დისკის ჩაყენებით.

გაზარდეთ ოპერატიული მეხსირება

თუ თქვენ კომპიუტერს აქვს თავისუფალი სლოტი ოპერატიული მეხსიერების მოდულის ჩასამატებლად და ამასთანავე დედაპლატას აქვს გაზრდილი მეხსიერების წაკითხვის უნარი, მაშინ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და გაზარდოთ ოპერატიული მეხსირება.

დღესდღეობით ოპერატიული მეხსირებისთვის 2GB მინიმუმად ითვლება, 4GB – ნორმად, ხოლო 8GB – კარგ მონაცემად.

HDD დისკი ჩაანაცვლეთ SSD დისკით

SSD დისკი ტრადიციულ, მექანიკურ HDD-სთან შედარებით თანამედროვეა და ინფორმაციის ჩაწერისა და წაკითხვის გაცილებით სწრაფ ტექნოლოგიას იყენებს.

SSD დისკის ჩაყენება ყველაზე საგრძნობ შედეგს იძლევა. მხოლოდ ამ ერთი მოქმედებით შესაძლებელია კომპიუტერის რესურსის დაახლოებით 1,5-ჯერ გაზრდა.