5 მიზეზი თუ რატომ სჯობს აიტი აუთსორსინგით სარგებლობა საკუთარი აიტი თანამშრომლის აყვანას
თანამედროვე ორგანიზაცია წარმოუდგენელია ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე. აიტი ინფრასტრუქტურას კი მხარდაჭერა სჭირდება, რათა თანამშრომლებმა თავიანთი ფუნქციების შესრულება შეუფერხებლად შეძლონ.
როგორც წესი, ამისათვის ორგანიზაციები შესაბამისი სპეციალიზაციის კადრს იყვანენ ან რამდენიმე კაციან აიტი დეპარტამენტსაც კი ქმნიან. ერთი შეხედვით ეს გარდაუვალი ნაბიჯია, რადგან როგორც უკვე ვთქვით ტექნიკური მხარდაჭერა უბრალოდ საჭიროა.
მაგრამ გაჩნდა აუთსორსის ცნება, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის მიერ ცალკეული ბიზნეს პროცესის ‘გარეთ გატანას’, როგორც წესი შესაბამისი სპეციალიზაციის კონტრაქტორისთვის მის გადაცემას.
აუთსორსინგი არის განმარტებული როგორც “ხარჯების შემცირების ეფექტური პრაქტიკა, რომელიც სამუშაოს გარე მომწოდებლისთვის გადაცემას გულისხმობს, ნაცვლად იმისა რომ იგივე სამუშაო შესრულდეს კომპანიის შიდა კადრის მიერ”
კონკრეტულად აიტი აუთსორსინგი კი გულისხმობს აიტი ინფრასტრუქტურის სამართავად საკუთარი კადრის დაქირავების ნაცვლად კონტრაქტის გაფორმებას აიტი სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან, რომელიც საკუთარ თავზე იღებს დამკვეთის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას, ტექნიკური მხარდაჭერის თუ სხვა კუთხით.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევებში გამართლებულია და სერიოზულ კონკურენტულ უპირატესობას გულისხმობს. აი ის ძირითადი 5 მიზეზი თუ რატომ ირჩევენ ორგანიზაციები აიტი აუთსორსინგს:
1. ხარჯების შემცირება
ფინანსების 25%-დან 50%-მდე ეკონომია
ქართული ბაზრის კვლევის თანახმად, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებში დასაქმებული აიტი სპეციალისტის ხელზე ასაღები ხელფასი თვეში 500 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის.
მაგალითად, ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ოფისში 10 კომპიუტერი და სურს ჰყავდეს საკუთარი აიტი სპეციალისტი შტატში, მან საშუალოსტატისტიკური კადრისთვის სახელფასო ბიუჯეტი უნდა განსაზღვროს საშუალოდ 800 ლარის ფარგლებში. რიგ შემთხვევებში ამას შეიძლება დაემატოს დაზღვევის, კორპორატიული ტელეფონის და სხვა ხარჯები.
მაშინ როცა ამავე ორგანიზაციას აიტი აუთსორსინგის მომსახურება დაახლოებით 300 ლარი დაუჯდება.
2. კომპეტენციების მრავალფეროვნება
Microsoft, Cisco, Dell, HP სპეციალისტები, როდესაც მსგავსი კომპეტენციების თავმოყრა ერთ ადამიანში უბრალოდ წარმოუდგენელია
აიტი აუთსორსინგის გამოყენების დროს ორგანიზაცია არა მხოლოდ ხარჯავს ნაკლებს, ვიდრე შტატის თანამშრომლის დაქირავების შემთხვევაში დახარჯავდა, არამედ იღებს მეტ კომპეტენციას – მეტი ადამიანის სახით.
კარგ შემთხვევაში, ერთი აიტი სპეციალისტის სახით ორგანიზაციას ჰყავს რომელიმე ვიწრო კომპეტენციის კარგი სპეციალისტი ან უარეს შემთხვევაში – საშუალოსტატისტიკური აიტი სპეციალისტი, რომელსაც რამდენიმე მიმართულებით საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის ცოდნა გააჩნია.
კარგი აიტი სერვისების კომპანიაში კი როგორც წესი თავს იყრის როგორც ზოგადი, ასევე ვიწრო სპეციალიზაციის ცოდნის მქონე ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ერთობლივი ძალებით შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის ამოცანის გადაწყვეტა.
3. გამოცდილება
ერთ მხარეს დგას კადრის, როგორც ერთი ადამიანის გამოცდილება, ხოლო მეორე მხარეს – კომპანიის, როგორც რამდენიმე ათეული ადამიანის გამოცდილება
კადრი მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მასშტაბით არსებული პრობლემების გადაწყვეტის პრაქტიკებს ფლობს, მაშინ როცა აიტი სერვისების კომპანიას არაერთ ორგანიზაციასთან უწევს შეხება და შესაბამისად ტექნიკური პრობლემების და მათი გადაწყვეტის ძალიან მრავალფეროვანი პალიტრა აქვს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში აიტი სერვისების კომპანიას არ უწევს ექსპერიმენტების ჩატარება, მისთვის უკვე ცნობილია საუკეთესო პრაქტიკები, მისმა თანამშრომლებმა იციან როგორ მუშაობს ესა თუ ის გადაწყვეტილება დაახლოებით მსგავს გარემოში, როგორ მოიქცნენ სხვა ორგანიზაციები ანალოგიურ პრობლემასთან შეჯახების შემთხვევაში.
4. მოქნილობა და ელასტიურობა
ორგანიზაციის მასშტაბების ცვლილების შემთხვევაში ძალიან ადვილი და უმტკივნეულოა მისაღები მომსახურების მასშტაბისა თუ ხასიათის შესაბამისი შემცირება ან გაზრდა
თუკი ორგანიზაცია გადაწყვეტს რაიმე ობიექტის დახურვას, თანამშრომლების შემცირებას ან პირიქით – სწრაფად მოახდენს კადრების დამატებას თუ ახალი ობიექტების გახსნას, აიტი აუთსორსინგის მიმწოდებელი კომპანია მყისიერად შეძლებს ორგანიზაციისთვის გამოყოფილი რესურსების ზრდას, მაშინ როცა კადრის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა დამატებითი კადრის აყვანა ან არსებულის გათავისუფლება და უფრო მაღალი კომპეტენციის კადრის მოძებნა.
კიდევ ერთი მომენტი – როდესაც ორგანიზაციის წინაშე პერიოდულად დგება საკითხი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ჩვეულებრივზე მაღალი ინტენსივობის მხარდაჭერა, აიტი სერვისების კომპანიას შეუძლია დამატები ძალების გადასროლა ამ ამოცანის მოკლე ვადებში შესასრულებლად, რომლის შესრულების შემდეგაც მომსახურების რეჟიმი ისევ ჩვეულ ინტენსივობას დაუბრუნდება.
5. კადრთან დაკავშირებული საკითხები
ყველაფერი იმით იწყება, რომ კარგი კადრის პოვნა ძალიან რთულია
აიტი აუთსორსინგის გამოყენება ორგანიზაციებს ეხმარება თავიდან აიცილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა: კადრის შერჩევის პროცედურები, მისი კვალიფიკაციის განვითარებაზე ზრუნვა ტრენინგების დაფინანსებით, ბონუსები და წახალისებები მოტივაციისთვის, კორპორატიული დაზღვევა და ა.შ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კადრს სჭირდება შვებულება და თავისუფალი დღეები გაუთვალისწინებელი პირადი საჭიროებებისთვის, ავადმყოფობის მიზეზით მოცდენილი დღეები… ჩნდება კითხვაც – ვინ შეასრულებს მის ფუნქციებს ასეთ დროს?
ამასთანავე ბუნებრივია, რომ კადრს სჭირდება ფიზიკური სივრცე ოფისში, საკუთარი მაგიდა და სკამი, რა თქმა უნდა კომპიუტერიც.
და ბოლოს, ორგანიზაციიდან მისი წასვლით გამოწვეული არაერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს მენეჯმენტისთვის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუ ორგანიზაციის აიტი ინფრასტრუქტურას არ სჭირდება კვირაში 40 საათიანი და წელიწადში 50 კვირიანი თავზე დგომა, მაშინ პრაქტიკულად გაუმართლებელია საკუთარი აიტის ყოლა ოფისში. საშუალოსტატისტიკურ ორგანიზაციას კვირაში ჯამურად 2-3 საათიანი მხარდაჭერა სჭირდება, რის განხორციელებასაც სრულად შეძლებს აიტი სერვისების მიმწოდებელი კარგი კომპანია.
და რაც მთავარია – აიტი აუთსორსინგის საშუალებით მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს უჩნდებათ შესაძლებლობა მიიღონ ისეთი დონის ტექნიკური მხარდაჭერა, როგორსაც იღებენ მსხვილი ორგანიზაციები საკუთარი აიტი დეპარტამენტის ფლობით.