სმარტფონის დამუხტვასთან დაკავშირებული მითები

//სმარტფონის დამუხტვასთან დაკავშირებული მითები

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელი რეალობის წარმოდგენა სმარტფონის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

დღეს უკვე თითქმის ყველა ჩვენგანს ჯიბით დაგვაქვს მოწყობილობა, რომელიც არის არა მხოლოდ უბრალო კომუნიკაციის საშუალება, არამედ ჩვენი კომპიუტერიც, ფოტოაპარატიც, საათი და მაღვიძარაც, ინფორმაციის მიღების საშუალება და პროდუქტიულობის ინსტრუმენტიც კი. ბევრი ჩვენგანი სმარტფონს სამსახურეობრივი საჭიროებებისთვისაც აქტიურად იყენებს.

ასეთი დატვირთვის პირობებში, არც არის გასაკვირი, რომ სმარტფონის ყველაზე სუსტი მხარე სწორედ ბატარეაა. ზუსტად ის ბატარეა, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ერთ მთლიან დღესაც ვერ ძლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხშირად გვიწევს დამტენით მოძრაობა და სმარტფონის დღეში რამდენჯერმე დამუხტვა, ასევე დენის როზეტზე მისი მთელი ღამით შეერთებულის დატოვება.

და სწორედ აქ ჩნდება კითხვები?

  • შეიძლება თუ არა სმარტფონის მთელი ღამის განმავლობაში დამუხტვა?
  • შეიძლება თუ არა სმარტფონის ხშირი დამუხტვა?
  • შეიძლება თუ არა დამუხტვისას სმარტფონის მოხმარება?

ამ სტატიაში განვიხილავთ ზუსტად აღნიშნულ კითხვებს და მითებს სმარტფონის ბატარეის შესახებ:

მითი: მთელი ღამის განმავლობაში სმარტფონის დენის როზეტში დატოვება ვნებს ბატარეას

სმარტფონები საკმაოდ სწრაფად, საშუალოდ 2-2.5 საათში იმუხტება სრულად, ხოლო უმრავლესობა მათგანს სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც გააჩნია, რომელიც დაახლოებით 1-1.5 საათში მუხტავს მოწყობილობას. ადამიანს ღამე საშუალოდ 7-8 საათი სძინავს, სმარტფონი კი დაახლოებით 2 საათში იმუხტება. რა ხდება დანარჩენი 6 საათის განმავლობაში? სწორედ აქ დაიბადა მითი, რომ 100%-ზე დამუხტული სმარტფონის დენში შეერთებულ მდგომარეობაში ყოფნა თითქოს და ვნებს ბატარეის ხანგრძლივობას, განსაკუთრებით კი მის სიცოცხლისუნარიანობას.

ამ მითს აქვს საფუძველი – ძველი ლითიუმ-იონის ბატარეები ფეთქებადი იყო იმ შემთხვევაში თუკი მათი ზედმეტი დამუხტვა ხდებოდა. თუმცა დღესდღეობით როგორც ბატარეაში, ასევე დამტენშიც ჩაშენებულია სპეციალური მიკრო-ჩიპები, რომლებიც უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ და სწორედ ზედმეტი დამუხტვისგან იცავენ მოწყობილობას. როგორც კი სმარტფონი 100%-ს მიაღწევს, დამტენი აქტიური ენერგიის მიწოდებას წყვეტს, მაგრამ აწვდის მცირე ენერგიას, რომელიც ბატარეის 100%-ზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მაშასადამე, მითი დამსხვრეულია, შეგიძლიათ თავისუფლად დამუხტოთ თქვენი სმარტფონი ღამით – ეს ხომ დამატებითი კომფორტია, რადგან სმარტფონი დილიდანვე 100%-ზე გვხვდება და მზადაა ჩვენი შრომატევადი დღისთვის.

მითი: დატენვის პარალელურად სმარტფონის მოხმარება უარყოფითად ისახება ბატარეაზე

ბევრს მიაჩნია, რომ სმარტფონის გამოყენება იმ დროს, როდესაც მას ვმუხტავთ, არის საზიანო და მოწყობილობის ზედმეტმა გადახურებამ შესაძლოა აფეთქებაც კი გამოიწვიოს. ალბათ გახსოვთ გასულ წელს Samsung Galaxy Note7-ის სკანდალი, როცა ის დამუხტვისას ფეთქდებოდა. თუმცა მაშინ ამის გამომწვევი მიზეზი სულ სხვა რამ – ზედმეტი მილიამპერაჟი იყო.

დამტენზე შეერთებული თქვენი სმარტფონი არავითარ შემთხვევაში არ აფეთქდება თუ თქვენ საეჭვო წარმომავლობის დამტენს არ იყენებთ და პრობლემა მისგან არ იქნება გამოწვეული. ამიტომაც არის, რომ მწარმოებლები რეკომენდაციას სწორედ ოფიციალური დამტენების გამოყენებას უწევენ.

მაგრამ ისიც მართალია, რომ როზეტზე შეერთებული სმარტფონი მოხმარებისას ისე სწრაფად არ იმუხტება, როგორც პასიურ მდგომარეობაში. ეს იმიტომ, რომ ეკრანის გააქტიურებისას სმარტფონის პროცესორიც აქტიურდება, ხოლო დამტენი ენერგიის მიწოდებას ამცირებს, რათა არ მოხდეს სწორედაც რომ გადახურება, შემდგომ კი აფეთქება.

როგორც ხედავთ, სმარტფონს “ჭკვიანი” ტყუილად არ ჰქვია. მან იცის როდის “შესრუპოს” ბევრი ენერგია და როდის არ არის ეს საჭირო – როგორც ამ მაგალითში განვიხილეთ, ენერგიის მიწოდება მცირდება ეკრანის გააქტიურებისას, რათა არ მოხდეს ერთდროულად მიმდინარე ბევრი პროცესის გამო სმარტფონის გადახურება.

ამრიგად, შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ თქვენი ტელეფონი მაშინაც, როდესაც მუხტავთ. ამის ერთადერთი უარყოფითი მხარე, როგორც უკვე ვახსენე, არის მხოლოდ დამუხტვის შედარებით ნელი ტემპი.

მითი: დამუხტვამდე აუცილებელია სმარტფონის ბატარეის ბოლომდე დასმა

ადრე ბატარეები გაციებით “ჭკუამოკლენი” იყვნენ – ისინი ივიწყებდნენ დამუხტულობის მოცულობას და მათი დამუხტვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, როდესაც ისინი სრულად, 0%-მდე დაჯდებოდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტელეფონებთან ერთად “დაჭკვიანდნენ” ბატარეებიც.

მოგეხსენებათ, მწარმოებლების უმრავლესობა დღესდღეობით ლითიუმ-იონის ბატარეებს იყენებს, რომლებსაც მეხსიერების პრობლემები არ გააჩნიათ, ისევე როგორც ძველ ნიკელის კადნიუმის ან ნიკელისა და მეტალის ჰიდრატის ბატარეებს, რაც განაპირობებს იმას, რომ არ არის საჭირო ბატარეის სრულად დაცლა და შემდგომ შეერთება დამუხტვაზე. შეგიძლიათ ნებისმიერ პროცენტულ მაჩვენებელზე შეაერთოთ ტელეფონი დასამუხტად, იქნება ეს 1% თუ 90%.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პროცენტულობიდან შეაერთებთ სმარტფონს დენის როზეტზე. ბევრი მოიაზრებს, რომ ბატარეის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია არ ჩამოსცდეთ 20%-იან მაჩვენებელს და მყისიერად დაიწყოთ დამუხტვა, თუმცა ეს სულაც არ არის ასე. ბატარეისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაიწყებს ის დამუხტვას დაბალი პროცენტულბიდან თუ საერთოდ ნულიდან.

ბევრს ასევე უჩნდება კითხვა – შეიძლება თუ არა სმარტფონის დამუხტვა, თუკი სმარტფონი მცირედ არის დამჯდარი? მაგალითად ვართ სადღაც წასასვლელები, ტელეფონი კი 80-90%-ზეა, მაგრამ ვიცით რომ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მოვახერხებთ დამუხტვას და სასურველია რომ ის 100%-ზე იყოს. ასეთ შემთხვევებშიც თამამად შეგიძლიათ დამუხტოთ თქვენი სმარტფონი.

რამოდენიმე სიტყვა ბატარეის და დამტენის გაცხელებაზე

მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი ხშირად სვამს კითხვას: არის თუ არა ნორმალური სმარტფონის დამუხტვისას მისი კორპუსის ან/და დამტენის გაცხელება?

სკოლის პერიოდიდან ალბათ ყველას გახსოვთ ფიზიკა და მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაწილი: ხახუნის ძალა და თერმოსტატიკა. მარტივად რომ ავხსნათ, ვინაიდან დამტენი აკონვერტირებს ენერგიას ცვლადი დენიდან მუდმივ დენზე, წარმოიქმნება ენერგიის ხახუნის ძალა, რაც შემდგომ სითბოს გამოყოფს. ეს არის დენის კონვერტაციის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, სმარტფონს ჭკვიანი ტყულად არ ჰქვია და ის მაქსიმალურად იცავს თავის თავს გადახურებისგან, ამრიგად, თუკი დამტენზე შეერთებული მოწყობილობა გაგიცხელდათ, სანერვიულო არაფერია.

ბოლოსიტყვაობა

როგოც ხედავთ სმარტფონის დამუხტვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას და ამის გაკეთება ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში შეიძლება.

ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნია კიდევ ერთი რამ – სმარტფონების, ნოუთბუქების, თუ სხვა მობილური მოწყობილობების ბატარეის სტანდარტული ექსპლუატაციის ვადა 2 წელია. ამ ორი წლის განმავლობაში ბატარეა თანდათანობით დეგრადირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ნელ-ნელა კარგავს თავდაპირველ ტევადობას და უფრო სწრაფად ჯდება.

ამიტომ, თუ თქვენმა ბატარეამ 2 წლის შემდეგ ჩვეული წარმადობა დაკარგა და უფრო ხშირად ითხოვს დამუხტვას, ნუ გაგიკვირდებათ – თქვენი სმარტფონი გამონაკლისი არაა.

2018-12-19T17:57:51+04:00December 19th, 2018|
Exclamation Triangle Check code